X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

გურჯაანში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საფეხბურთო ტექცენტრის პროექტირება მიმდინარეობს

2 აპრილი 2026

გურჯაანში უკვე დაწყებულია 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირება. კომპლექსი გააერთიანებს მულტიფუნქციურ დარბაზებს, დიდ და საბავშვო აუზებს, ასევე სატრენაჟორო და ფიტნეს სივრცეებს.

ამასთან, მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს მედიათეკას, ქორეოგრაფიულ, სახელოვნებო, ფოლკლორისა და უცხო ენების სივრცეებს, STEM-კლუბს, მცირე სცენურ დარბაზს, ღონისძიებების მრავალფუნქციურ სივრცეს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ზონებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე კომპლექსის ტერიტორიის სრულყოფილი მოწყობა, რაც ითვალისწინებს ავტოსადგომების, გზების, საფეხმავლო ბილიკების, რეკრეაციული ზონებისა და გამწვანების მოწყობას. ასევე გათვალისწინებულია გარე განათების, უსაფრთხოების სისტემების, წყალმომარაგების, გათბობა-გაგრილებისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების სრულყოფილი დაგეგმარება.

მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსთან ერთად, გურჯაანში მიმდინარეობს საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და სტადიონის პროექტირებაც.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები. პროექტი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

დაგეგმილი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე პროექტის დეტალები ინფრასტრუქტურის მინისტრმა კონტრაქტორებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.